ღია წერილი საქართველოს პარლამენტის წევრებს

პატივცემულო დეპუტატებო,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემოტანილი კანონპროექტის განხილვა თხევადი გაზის აქციზის მომატებასთან დაკავშირებით.

გვინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ ამ კანონპროექტის რამოდენიმე ასპექტს. პროექტის ავტორებს უნდათ აქციზის გაზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს თხევადი გაზის (LPG) საბოლოო მომხმარებლებზე მისაწოდებელი ფასის მატებას. როგორც იცით, თხევადი გაზი (LPG) არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ხდება ბენზინზე მომუშავე ავტომობილების თხევად გაზზე გადაყვანა. შესაბამისად, გარკვეულწილად მცირდება ამ ავტომობილების მიერ ბენზინის საწვავის მოხმარება. ბიზნეს ასოციაცია არის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ორგანიზაციების გაერთიანება. ბუნებრივია, მათი მიზანია კონკურენტი საწვავის გაქრობა ბაზრიდან. გასაგები მიზეზების გამო უნდათ თხევადი გაზის კონკურენტად წარმოაჩინონ ბუნებრივი აირი, რაც ყოვლად მიუღებელია. ისევ ვიმეორებთ, თხევად გაზზე გადადის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი და არა ბუნებრივ აირზე მომუშავე, ვინაიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი ისედაც 30%-ით უფრო იაფად გადაადგილდება, ვიდრე თხევად გაზზე მომუშავე. შესაბამისად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის თხევად გაზზე გადაყვანა ფინანსურად გაუმართლებელია. მთელ მსოფლიოში ალტერნატიული საწვავის აქციზების შედარება ხდება ბენზინის აქციზთან. ეს მიღებული პრაქტიკაა. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, თხევადი გაზის აქციზი გახდეს 450 ლარი სრულიად ალოგიკურია. მათი მსჯელობით, თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე უნდა იყოს დიზელისა და ბენზინის აქციზებს შორის, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. გთხოვთ, იხილოთ ლინკი : https://ec.europa.eu/taxation_customs/business/excise-duties-alcohol-tobacco-energy/excise-duties-energy_en#heading_0

ჩვენი მოთხოვნაა, რაშიც გვჭირდება თქვენი თანადგომა:

1) არ მიეცეს საშუალება ბიზნეს ასოციაციას, განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი და თხევადი გაზი გაიყვანოს ბაზრიდან. მოხდეს სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და ასევე- ევროკავშირის რეკომენდაციების გაზიარება, რომლის მიხედვითაც: 1000 ლიტრ, ანუ 740 კილოგრამ, ეთილირებულ ბენზინზე აქციზის განაკვეთი არის 421 ევრო; არაეთილირებული ბენზინის შემთხვევაში 740 კილოგრამზე – 359 ევრო; 1 (ერთი) გიგაჯოული ბუნებრივი აირისთვის – 2,6 ევრო; ხოლო თხევადი გაზის შემთხვევაში, 1000 კილოგრამზე – 125 ევრო.

2) მოხდეს კანონპროექტის დაბრუნება ბიუროზე და მისი განხილვის არადაჩქარებულ რეჟიმში გადაყვანა, რათა შესწავლილი იქნას, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ ფასებთან მიმართებაში, ეკოლოგიასთან მიმართებაში და სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც გადაადგილდებიან თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილებით.

მოხარულები ვიქნებით, თუ მოგვეცემა საშუალება, გავცეთ პასუხი ამ განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

საქართველოში შემოსული1000 მეტრ კუბი ბუნებრივი აირი არის 50 გიგაჯოული. გთხოვთ, იხილოთ გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის მონაცემები.

1. 1000 კილოგრამი ეთილირებული ბენზინი – 569 ლარი

2. 1000 კილოგრამი არაეთილირებული ბენზინი – 485ლარი

3. 1000 მეტრ კუბი ბუნებრივი აირი – 130ლარი

4. 1000 კილოგრამი თხევადი გაზი – 125ლარი

პატივისცემით,

 

თხევადი გაზის ასოციაციის თავჯდომარე

 

ნიკოლოზ ხოფერია